Skip to Content

რუსთაველის ხმა

ვინ ვართ ჩვენ?

“რუსთაველის ხმა” არის მოხალისეობრივი ონლაინ მედია-პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში განვითარებული კრიზისის პირობებში, 2024 წლის დეკემბერში.

პლატფორმის მიზანი

ჩვენი მიზანია განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს შორის დისკუსიის წასახალისება. გვინდა, ერთი მხრივ, პროტესტის ხმა მივიტანოთ ნაკლებად დაინტერესებულ მოქალაქეებამდე და, მეორე მხრივ, დემონსტრანტებს დავანახოთ ის პრობლემებიც, რომლებიც ხშირად, დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, უყურადღებოდ გვრჩება.

მიზნის მიღწევის ჩვენეული ხედვა

გვჯერა, რომ მხოლოდ სოციალური და პოლიტიკური პრობლემების მიუკერძოებლად გაშუქებითა და საზოგადოებისთვის მტკივნეულ, მნიშვნელოვან თემებზე გულწრფელად საუბრით შევძლებთ საქართველოს მოქალაქეები საერთო ენის გამონახვასა და უკეთესი მომავლის შენებას.

რამ განაპირობა პლატფორმის შექმნის საჭიროება?

ჩვენ გარშემო მუდმივად ვამჩნევთ მედიის მიკერძოებულობითა და პარტიებთან აფილირებით გამოწვეულ საზოგადოებრივ ფრუსტრაციას. სწორედ ამიტომ, მოხალისეობრივ ფორმატში ვცდილობთ, ინფორმაციის კეთილსინდისიერად გაშუქებას იმ განზრახვით, რომ, როგორც მედიამ, გამყოფის ნაცვლად გამაერთიანებლის როლი ვითამაშოთ.

დღევანდელი პოლიტიკური და მედიაგარემოს პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია სხვადასხვა პერსპექტივის, ხმის, აზრის კეთილსინდისიერად გაშუქება. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის პოზიციების მოსმენა და შინაარსიანი დისკუსია, რომელიც დაეფუძნება ფაქტებს მიკერძოებული ინტერპრეტაციების გარეშე.

იქ, სადაც დეზინფორმცია და ფაქტების დამახინჯება ყოველდღიური მოვლენაა, მოსახლეობას უჭირს სიმართლის დადგენა და შესაბამისად - კონკრეტული იდეების გარშემო გაერთიანებაც. დემოკრატიული, სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძებული რესპუბლიკის შენება შესაძლებელია არა მაშინ, როდესაც სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი განსხვავებულ რეალობებში თანაცხოვრობს, არამედ, - როცა საზოგადოება რეალობას აღვიქვამს ისე, როგორიც ის არის. ამასთან, ცდილობს, მიაღწიოს კონსენსუსს და ორიენტაცია პრობლემის გადაჭრაზე ჰქონდეს.

ჩვენი ერთადერთი იარაღი გულწრფელობა და სიტყვაა. გვჯერა, რომ მხოლოდ ინფორმაციის სანდოობის პირობებში შედგება ჯანსაღი დისკუსია და შევძლებთ, როგორც საზოგადოებამ, განვითარების საერთო ხედვა დავსახოთ, რომ ერთად ვიშრომოთ მის მისაღწევად.

Last updated on